თბილისში ,,რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენცია“ იმართება
18 სექტემბერი 2019
სასტუმრო ,,ჰოლიდეი ინნ“-ში ,,რეგიონული განვითარების ეროვნული კონფერენცია“ მიმდინარეობს. მონაწილეებს სიტყვით მიმართა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.
ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის:,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) ფარგლებში ტარდება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ხელისუფლების შესაძლებლობების გაძლიერებას ქვეყნის რეგიონული განვითარების სტრატეგიულ დაგეგმვასა და განხორციელებაში.
კონფერენციის პირველი დღე დაეთმო პროექტის: ,,რეგიონების მხარდაჭერა მდგრადი განვითარებისთვის“ (ARSD) შედეგების პრეზენტაციასა და პროექტის ფარგლებში განხორციელებული გამოყენებითი კვლევების წარდგენას. დოკუმენტებში იდენტიფიცირებულია ფუნქციური რეგიონები და გამოვლენილია მიზიდულობის ცენტრები. გაანალიზებულია იდენტიფიცირებულ ფუნქციურ რეგიონში კონკურენტული უპირატესობის მქონე ეკონომიკური დარგები და წარმოდგენილია რეკომენდაციები რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის.
კონფერენციის მეორე დღეს ჩატარდება მასტერკლასი უნივერსიტეტის აკადემიური სფეროს წარმომადგენლებისა და დაინტერესებული მკვლევარებისთვის. მასტერკლასს გაუძღვებიან სიდნეის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისა და ლუბლიანას უნივერსიტეტის პროფესორები.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ღონისძიებას ასევე ესწრებიან სხვადასხვა სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, საქართველოში მოქმედი ფონდებისა და უნივერსიტეტების წარმომადგენლები.